|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი წლის მოსვლა ჩემთვის მუდამ მამის ტრაგედიას უკავშირდება"

"ახალი წლის მოსვლა ჩემთვის მუდამ ტყეში მოღალატეების და ჯალათების ამარა მიტოვებულ მამას უკავშირდება...ალბათ მიხვდით, დღეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დღეა",-წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

"საკმაოდ თავისებური დამოკიდებულება მაქვს დღესასწაულებისადმი, მოგეხსენებათ. ცხოვრებამ ბევრჯერ დამარწმუნა დროის ფარდობითობაში, წარმავალობაში და ადამიანების შემოღებული დროის პირობითი ნებისმიერი ერთეული - იქნება ეს წელი, დღე თუ სხვა - მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით იძენს შინაარს. კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი ქვიშის საათსა გავს: წამები გვისხლტებიან ხელიდან იქამდე, სანამ მოვიხელთებდეთ... არც ის ვიცით, საიდან მოვიდნენ ან სად წავიდნენ, ან რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი. გვახსოვს, ვგრძნობთ მხოლოდ მას, რაც ჩვენში დატოვეს...

დიდწილად თავისუფალი ვარ წარსულისგან, თუმც ეს უცებ არ მომხდარა. არც სტატუსის ფორმატი ეყოფა ამაზე საუბარს. ამავე დროს, მესმის, რომ ის, რაც ჩემთვის სისხლხორცეულია - სხვისთვის ისტორიაა, სენსაციაა, ან სულაც სეირია... ახალი წლის მოსვლა ჩემთვის მუდამ ტყეში მოღალატეების და ჯალათების ამარა მიტოვებულ მამას უკავშირდება, რომელმაც 18 წლის ბიჭს კატეგორიულად არ მომცა საშუალება ოდესღაც მასთან ვყოფილიყავი...

ალბათ, ძნელია, იყო ისტორიის ნაწილი. ამ ქვეყანაში ყველაფრისა შურთ და მეც დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ნებისმიერ მოშურნეს ამ საეჭვო პატივს და დიდებას. ალბათ, ოდესმე უნდა მიხვდეთ, რომ იქ, სადაც პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებას არავინ აპირებს, ვერც უბრალო მოქალაქეს ექნება თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე და ჰუმანიზმზე პრეტენზია. დიახ, ელიტებს არ სურთ ამ საქმის გამოძიება! "ელიტებს", რომელიც წლებია გვიბნევენ თავგზას, გძარცვავენ, გაბრუებენ წინასაარჩენო დაპირებებით იქამდე, სანამ ჭირდებით.

ალბათ მიხვდით, დღეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დღეა. მიუხედავად მისა, რომ საქმე პროკურატურამ გადააკვალიფიცირა მკვლელობად, 2014 წლის მარტიდან დღემდე ამ საქმეზე არ დაკითხულა არცერთი მოწმე, არ შესწავლილა არცერთი დოკუმენტი, არ გაკეთებულა არაფერი მნიშვნელოვანი - გარდა ბალიშის პირის და საწოლის ფრაგმენტის ექსპერტიზისა! უკვე თითქმის ორი წელია, პროკურატურა ტყუილებით გვკვებავს ამ საქმესთან დაკავშირებით.

სადღეისოდ ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს ნება და ინტერესი ამ საქმის გამოძიებისა. ისევე როგორც მრავალი დანარჩენი, ესეც ტყუილ, ცრუ დაპირებად დარჩა! როდესაც დღეს ახალი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა ჟვანიას და კიწმარიშვილის გახმაურებულ საქმეთა გამოძიების აუცილებლობაზე, მინდა ჰკითხოთ ჩემგან ჟურნალისტებმა: პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმემ რამე დაუშავა?"-აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

ავტორი: ნიუპრესი