აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებებია
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში"ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის არამ ტოროსიანის განცხადებით, „მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - დასძინა ტოროსიანმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული მხარე უარყოფს ინფორმაციას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ და სომხეთს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
ავტორი: ნიუპრესი