ბაგრატის ტაძარში წყალი ჩაედინება - კულტურის სამინისტრო
ბაგრატის ტაძარში გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წყალი ჩაედინება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ტაძარში არსებულ პრობლემებს მინისტრი თეა წულუკიანი გაეცნო.
რროგორც სამინისტრო იუწყება, პრობლემები წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 2009-2012 წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები როგორც გადახურვისა და ფასადის მიმართულებით, ისე ტაძრის შიდა სივრცეში, სადაც გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წყალი ჩაედინება.
ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს. სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაზიანებული ქვების გაწმენდის გზა.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ სამინისტროს ძალისხმევის შედეგად წლის ბოლომდე ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.
შეგახსენებთ, ბაგრატის საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009 - 2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ.
სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. 2017 წელს, მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტივისტები გელათში არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების გამო ტაძარში არსებულ ფრესკების დაზიანებას აპროტესტებენ. მას შემდეგ რაც აღნიშნულში კულტურის მინისტრს წინა ხელისუფლების დადანაშაულება არ გამოუვიდა, ბაგრატის საკითხი გაააქტიურა. თუმცა გელათის შემთხვევაში ხარვეზებით შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ბაგრატის ტაძარში კი წვიმის წყლის შედეგად ტაძრის კედელი სველდება, რაც ასევე სამწუხაროა, თუმცა გელათის "გადაფარვისათვის" არ გამოდგება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა