ბანკის მენეჯერმა 3 მილიონ ლარამდე თანხა მიითვისა
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბანკის მენეჯერმა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბანკის კუთვნილი თანხა მიითვისა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშმულმა პირმა 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის თანხებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ავტორი: ნიუპრესი