ბარბარობა – როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოში
ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა. დიოსკორემ გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა. ამისთვის თავის მამულში კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მხოლოდ მისი წარმართი აღმზრდელი და მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ღვთის განგებით და ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა. დიოსკორე მდიდრულ აბანოს აშენდებინებდა. ნაგებობის სამხრეთ კედელში დიოსკორეს ბრძანებით მუშები ორი სარკმლის დატანებას აპირებდნენ. ბარბარემ ისარგებლა მამის შინ არყოფნით და წმინდა სამების ნათელის ნიშნად, სიმბოლოდ მუშებს მესამე სარკმელიც გააკეთებინა. აბანოს შესასვლელში წმინდა ბარბარემ თავად გამოსახა ჯვარი. აბანოს ქვის საფეხურზე საკუთარი ნაფეხური აღბეჭდა, რომლიდან მოგვიანებით დიდი ძალის მქონე წყალმა ამოხეთქა. დაწყლულებული და დამუწუკებული ავადმყოფები განსაკურნებლად ამ წყლთან მიდიოდნენ. როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა.
იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. ასევე იყო ჩვენშიც. წმ. ბარბარე და ბარბარობის დღესასწაულში ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთანაა დაკავშირებული. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ, ასევე საქონლის მკურნალადაც მიიჩნევენ.
ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ. თქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.
ავტორი: ნიუპრესი