|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის 6 სოფელი ხიდის გარეშე დარჩა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. ადგილობრივების თქმით, რეაბილიტაციის მიზეზით, ხიდი ისე დაანგრიეს, რომ სათადარიგო ხიდი არ გაუკეთებიათ.

მოსახლეობის თქმით, ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ამასთან, ვერ ხერხდება მაღაზიების პურით და პროდუქტით მომარაგება.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ცენტრალური ხიდის დანგრევამდე, საფეხმავლო ხიდი უნდა აეგოთ. მათი თქმით, ქალაქში ჩასვლა შემოვლითი გზით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი საფეხმავლო ხიდის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ გოქსაძის თქმით, ხიდი ავარიული იყო, ამიტომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ინციდენტს, განმარტავს, რომ ხიდის ნაწილი ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დროს დაინგრა.

მერის თქმით, საფეხმავლო ხიდი ერთ კვირაში გაკეთდება და მოსახლება ხიდით სარგებლობას შეძლებს. რამდენიმე დღეში აღდგება დაზიანებული წყლის მილი.

როგორც მერი განმარტავს, მოსახლეობა გარესამყაროს არ არის მოწყვეტილი და შემოვლითი გზით შეუძლიათ სარგებლობა.

არჩილ გოქსაძე მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი