"ბიოგრაფია: თამაში"- მესხიშვილის თეატრში პრემიერაა
რას იზამდით, რომ არჩევანის თავისუფლება გქონოდათ? თქვენ თქვით, ცხოვრების თავიდან დაწყება როგორ შეგეძლოთ, ზუსტად გეცოდინებოდათ, რას გააკეთებდით უკეთესად, - ამგვარად იწყება სპექტაკლი "ბიოგრაფია: თამაში", რომლის პრემიერაც ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე გაიმართა.
მაქს ფრიშის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა თამარ ჭინჭარაულმა დადგა. "ეს არის კითხვა, რომელზეც ყველას გვიფიქრია, რას შევცვლიდით ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგვეძლოს? მგონია, რომ მაყურებელი ამ კითხვას კიდევ ერთხელ დაუსვამს თავს და ეცდება მიიღოს პასუხი", -განაცხადა რეჟისორმა.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები დავით გაჩეჩილაძე, გელა ებანოიძე, მაგდა ჩიხლაძე და აბელ სოსელია მონაწილეობენ. ქალის მთავარი როლი მსახიობმა თინათინ მოსულიშვილმა შეასრულა.
ცნობილი შვეიცარიელი დრამატურგის, რომანისტისა, არქიტექტორის და ფილოსოფოსის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლში მსახიობები ამაოდ ცდილობენ წარსულის შეცვლას, სანამ ამ გადაწყვეტილებას მთავარი ქალი პერსონაჟი არ მიიღებს.
პიესა პირველად დაიდგა საქართველოში და მისი თარგმანიც პირველია (ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ჭინჭარაულმა და ავთანდილ გოგეშვილმა)
სპექტაკლის მხატვარია - ანანო დოლიძე, კომპოზიტორი - მერი ბეროშვილი, ტექნიკური რეჟისორი - მაია კვიმსაძე.
ავტორი: ირინა მაკარიძე