ქუთაისში ხეების მასობრივად გადაბელვას აპროტესტებენ
"მოძრაობა ჟურნალისტები მშვიდობისთვის" გადაბელილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ამით ქუთაისში მწვანე საფარის მოვლის არასწორ პრაქტიკას ეხმიანება. ფოტოები ქალაქის სხვადასხვა ადგილზეა გადაღებული, სადაც ჩანს, ხეებს ტოტები მთლიანად გადაჭრილი აქვს.
პრობლემას ეხმიანება სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" გამგეობის წევრი აკაკი საღინაძე.
"ურბანული გამწვანება, რომლის ყველაზე მარტივი ფორმა ქალაქში ხეების არსებობაა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის ფონზე, ქალაქში ვხედავთ დასახიჩრებულ ხეებს. მავნებლობაა, "ქალაქის ფილტვებს" როგორც ვექცევით. ვაპირებ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა დავიწყო და სხვა ქალაქების პრაქტიკაზე დაყრდნობით გარკვეული რეკომენდაციები შევთავაზო მათ, რადგან პრობლემა სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს",-განაცხადა აკაკი საღინაძემ. მისი თქმით, შესაძლოა, ორგანიზაციის სახელით ქუთაისის მერიას წერილობით მიმართონ.
რამდენად სწორად ხდება ხეების გადაბელვა? - ამ კითხვით უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლანდშაპტის დარგში რამაზ კილაძეს გავესაუბრეთ. მისი თქმით, გასულ წლებში ხეები ნამდვილად არასწორად იბელებოდა, თუმცა ბოლო წლებში ტენდენცია უკეთესობისაკენ შეიცვალა.
"ბოლო პერიოდში ნამდვილად კვალიფიციური კადრების მიერ ხდება სამუშაოების ჩატარება. თუ ადრე არასწორად ტარდებოდა პროცესი, ბოლო წლებში შეიცვალა დამოკიდებულება. სამუშაოები კვალიფიციური კადრების რჩევის გათვალისწინებით ტარდება. ჩვენთანაც ხშირად მოდიან რჩევებისთვის",-განაცხადა კილაძემ. მისი თქმით, თუ არ არის აუცილებლობა, ხეების გადაბელვა შემოდგომაზეა რეკომენდირებული და არა გაზაფხულზე.
ხეების გადაბელვა მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" მოვალეობებში შედის. ააიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, გადასაბელ ხეებს მერიის შესაბამისი სამსახური ადგენს და ააიპი მხოლოდ სამუშაოებს ასრულებს.
"არ ვიცი, რა ინფორმაცია გავრცელდა და რას აპროტესტებენ, მაგრამ ჩვენი სამსახურის მიერ არ ხდება ხეების მასობრივი გადაბელვა. გადასაბელ ხეებზე რეკომენდაციას და ნებართვას მერიის სპეციალური სამსახური გასცემს და ჩვენ შემდეგ სამუშაოებს ვასრულებთ. ხეები გადაბელვა ხდება შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე, თუ ხეები ზომის გამო ხელს უშლიან საჰაერო კომუნიკაციას და მოსახლოებას. გადაბელვა ხდება ტექნიკური უსაფრთხოების სრული დაცვით, ისე რომ არ მოხდეს რაიმეს დაზიანება",-განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი