ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი