ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა - სახალხო დამცველი
N2 პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადმოყვანილი პატიმარის მოსანახულებლად სახალხო დამცველი მივიდა, თუმცა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისან გამომდინარე, მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, ამის
შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც ცნობილია პატიმარი მართვის სუნთქვაზე იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
„2024 წლის 26 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, რათა გადაემოწმებინა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია N2 დაწესებულებაში ბრალდებულ ნ.ბ.-ს მიერ მიღებული დაზიანებების წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
ამ ეტაპზე, ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოხერხდა. რწმუნებული შეხვდა და ესაუბრა ექიმს, თუმცა, პერსონალურ ინფორმაციას, პატიმრის თანხმობის არარსებობის გათვალისწინებით, აპარატი არ ავრცელებს. რწმუნებული შეხვდა პატიმრის ოჯახის წევრებსაც.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო და მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრა, როგორც ბრალდებულის თანასაკნელებს, ისე დაწესებულების ადმინისტრაციას, დაათვალიერა პატიმარ ნ.ბ.-ს საკანი. უნდა აღინიშნოს, რომ საკანში სამეთვალყურეო ვიდეო კამერებია განთავსებული.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, აპარატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი