საქართველოში პირველი მედია ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“ გაიმართა
14 ივლისს, სასტუმრო Courtyard Marriott-ში სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“ გაიმართა.
საქართველოში პირველი ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე მიეძღვნა კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ქართულ მედია ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სადაც ექსპერტებმა განიხილეს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე კონკრეტული მედია გამოწვევები თუ შესაძლებლობები, ასევე საერთო ბენეფიტები მედიასა და ბიზნესს შორის.
„Business Georgia-ს დისკუსიური ხასიათის ბიზნეს ფორუმები ემსახურება ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესებას, რათა საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო პარტნიორობას ბიზნეს, სამთავრობო, საერთაშორისო სექტორებსა და საზოგადოებას შორის და პოზიტიური გავლენა იქონიოს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კლიმატზე. ამ ფორუმის მიზანი იყო წარმოეჩინა განსხვავებული იდეები და ეჩვენებინა ლოკალური ბიზნესის წარმომადგენლებისათვის მედია ინდუსტრიის, როგორც ბიზნესისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის როლი“, განაცხადა Business Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ანა გოგიშვილმა.
ფორუმის სპიკერებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელური სესიების მსვლელობისას შეფასდა თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, გამოვლინდა გამოწვევბი, შესაძლებლობები, ბიზნესისა და მედიის საერთო ბენეფიტები და მედია ინდუსტრიის ეკონომიკური ღირებულებები.
„საქართველოს ბანკი მიესალმება საქართველოში პირველად მედია ფორუმის ჩატარებას. როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორები, მოხარული ვართ, რომ გაჩნდა სივრცე, სადაც ორი მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს. ბიზნესს და მედიას, ამ ორ სფეროს ძალიან მჭიდრო შეხება აქვთ, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ იცოდეს სფეროს საჭიროებები და გამოწვევები. დღევანდელი მედია ფორუმი არის საუკეთესო საშუალება, ბიზნესს და მედიას მისცეს შესაძლებლობა ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო მეტად წარმატებული და რა არის ამისთვის საჭირო“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.
ბიზნეს ფორუმის საშუალებით ერთ სივრცეში შეიკრიბა 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სექტორიდან. მათ შორის წარმოდგენილნი იყვნენ მედია კომპანიები, ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელები, გამომცემლობები, მედია სტარტაპები, სარეკლამო კომპანიები, PR პროფესიონალები, ხელისუფლების ორგანოები, პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო ინვესტორები.
ავტორი: ნიუპრესი