ცესკო - ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს
ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად და კამპანიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე გამოიყენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
„კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. სახეზეა საარჩევნო პროცესისა და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის და იმ წარმატებების გადაფარვის მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზენტაციამდე, იმავე დღეს, დეზინფორმაცია გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკვე მეორედ, რუსულ სისტემად გამოაცხადა საარჩევნო ელექტრონული სისტემა, რომელსაც საქართველო ნერგავს. ამას კი იმავე დღეს მოყვა ზემოაღნიშნული პროვოკაცია. ეს ყოველივე ნათლად ადასტურებს, რომ ელექტრონული არჩევნების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია მიზანმიმართულად და კამპანიურად მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, საარჩევნო პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ავტორი: