ცესკოს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი ჩემი თანაქალაქელია - ანა ნაცვლიშვილი
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტისთვის წარდგენილ ორივე კანდიდატს ვიცნობ პირადად, ორივე ჩემი თანაქალაქელია, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს კარგად იცნობს, მათ მხარს მაინც არ დაუჭერს.
"გიორგი კალანდარიშვილი არის ჩემი სკოლელი და ბევრი ნაცნობ-მეგობრით ვართ დაკავშირებულები, ბოლო წლებში პროფესიულადაც გადავიკვეთეთ რამდენჯერმე, სულ დადებით კონტექსტში. გიორგი სანტურიანი იყო საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ჩემი საიას თავმჯდომარეობის დროს. ბევრი ადამიანური და პროფესიული კომპლიმენტი შემიძლია ვთქვა მისი მისამართით.
ამ ახლობლობის და კავშირების მიუხედავად, მე ვერცერთ მათგანს ვერ დავუჭერ მხარს ამ თანამდებობაზე.
ცესკოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე საზოგადოების ფართო წრეებსა და პოლიტიკურ სპექტრში. ამას რეპუტაციაშელახული სისტემის შიგნიდან გამოსული კადრი, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
მეგობრობა ადამიანის პირადი საკითხია. საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დროს, მე საჯარო პირი ვარ და საჯარო ვალდებულებები მაკისრია.
ცესკოს სჭირდება ნდობა!" - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატია შერჩეული, გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ორიცე მათგანი ცესკოს თანამშრომელია. გიორგი კალანდარიშვილი ადამიანური რესურსების განყოფილებას ხელმძღვანელობს, გიორგი სანტურიანი კი - იურიდიულს.
რაც შეეხება მათ "თანაქალაქელობას", ორივე მათგანი ქუთაისელია, როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, გიორგი კალანდარიშვილის მესამე საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული. გიორგი სანტურიანს ქუთაისში უკეთ იცნობენ, რადგან ის წლების განმავლობაში საიას ქუთაისის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა