|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩაის გადამამუშავებელ კოოპერატივებს საჭირო დანადგარები გადასცეს

სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ მონაწილე 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა.
 
კოოპერატივებს ჩაის წარმოებისათვის საჭირო დანადგარები, ჩაის საღნობი, საგრეხი როლერი და საშრობი კარადა გადასცეს.  პროგრამის სახელმწიფო თანადაფინანსება 329,460 ლარია.
 
დანადგარების გადაცემის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.
 
 
 
,,იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ექვს კოოპერატივს გადავეცით დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
 
პროგრამის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო 643 000 ღირებულების დანადგარები, ჯამში 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა. სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში აღნიშნულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 210 ჰა-ზე იჯარით და საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით 375 000 ლარზე მეტი მიიღეს.
 
საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში „ქართული ჩაი“ 53 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,670 ჰექტარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია 4,862,629 ლარია, საიდანაც 3,383,081 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
 
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა