ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა „ქართული ჩაი“ ამოქმედდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას „ქართული ჩაი“ ახორციელებს.
,,ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის სარეაბილიტაციო ნაკვეთები მოინახულეს. სოფელ ოფურჩხეთში პროგრამის ფარგლებში 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება. მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმრებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:
• კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
• იურიდიული პირებისათვის (გარდასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.
ავტორი: ნიუპრესი