ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება - ირაკლი კობახიძე
ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩინური კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებები სპეკულაციურია. „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მოეზიდათ, თუმცა, წლების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც ეს სპეკულაციები დაიწყო, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ“,-განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის,„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურსს“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა. არსებული ინფორმაციით, კომპანია აშშ-ს მიერ სანქცირებულია.
ავტორი: