"ჩვენ, უბრალოდ, გავამკაცრეთ სამანქანო გადაადგილება ეკლესიებისკენ, ფეხით შეუძლიათ მისვლა"
ჩვენ, უბრალოდ, გავამკაცრეთ სამანქანო გადაადგილება ეკლესიებისკენ, ფეხით შეუძლიათ ადგილზე მისვლა - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ეკლესიებისკენ მიმავალ გზებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ეკლესიებისაკენ მისასვლელ გზებს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ. თერჯოლაში, იმყოფება იმერეთის რწმუნებული, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა.
"ვულოცავ მთელს საქართველოს გიორგობას. იმერეთში ორი ლოკაცია გვაქვს, სადაც წინა წლებში ხალხმრავლობა იყო. ჩვენ უბრალოდ, გავამკაცრეთ სამანქანო გადაადგილება ეკლესიებისკენ და აკრძალულია, მანქანებით გადაადგილება. ფეხით შეუძლიათ ადგილზე მისვლა. პოლიციის ფუნქციაა ადგილზე მოხდეს კონტროლი ხალხის რაოდენობის, რომ სალოცავთან დიდმა მასამ არ მოიყაროს თავი. წელს მომლოცველთა რაოდენობა ადგილზე ნაკლებია, გამომდინარე იქედან, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმას, რომ სოციალური დისტანცია არის მნიშვნელოვანი", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებთან მისასვლელი გზები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ჩაკეტა. საუბარია თერჯოლაში გოგნის სალოცავსა და სამტრედიაში ზანდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი