„ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს" - მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისში მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სახელწოდებით- „ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ გაიმართა.
აქცია „პროგრესის ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული. პერფორმანსის მონაწილეებმა მშრალ ხიდზე პლაკატები გადმოფინეს, სადაც აღნიშნული იყო რომ აშშ-ში საათში 7 დოლარია მინიმალური ანაზღაურება, გერმანიაში - 12 ევრო საათში, სომხეთში - 167 დოლარი თვეში, აზერბაიჯანში - 176 დოლარი თვეში, ხოლო საქართველოში - 20 ლარი თვეში.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორის, „პროგრეს ცენტრის“ დირექტორის ელენე ელბაქიძის თქმით, მინიმალური ხელფასის პრობლემა დღეს საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას და ეს საკითხია ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი რის გამოც მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან.
„მაშინ როდესაც, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება აშშ-ში ან ევროკავშირის ქვეყნებში არის 10 დოლარამდე, 15 ევრომდე, ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტია, რაც თვეში 20 ლარია განსაზღვრული. ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში [მინიმალური ხელფასი] თვეში არის 170 დოლარამდე, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს, რადგან ეს საკითხი სწორედ არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც ხალხი ემიგრაციაში მიდის, რადგან მათ არა აქვთ ძირითადი საარსებო პირობები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორმა ელენე ელბაქიძემ.
ავტორი: ნიუპრესი