"ჩვენთვის სპორტის ყველა სახეობა პრიორიტეტულია"-კობა ფხაკაძე
ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. წარმატებულ მოკრივე თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ათეულში იყო, თუმცა საკრებულოს წევრი ვერ გახდა, გასული წლის მიწურულში კი ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ააიპი ჩაიბარა. სამომავლო გეგმებისა და ააიპში მიმდინარე ცვლილებების შესახებ კობა ფხაკაძეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" ესაუბრა.
კრივში ვარჯიში 1992 წლიდან დაიწყო. 1994 წელს ბაქოს ტურნირში გამარჯვების მოპოვებიდან 6 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. 2003 წელს კი იყო საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი. 2005 წელს მოსკოვში მსოფლიო დონის მოკრივე ჯაფაროვი დაამარცხა 2012 წლამდე საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო და ქვეყანაში გამართულ ტურნირებიდანაც ბევრი ჯილდო მოიპოვა. 2016 წელს კი ხონის მუნიციპალიტეტის ააიპ სპორტულ გაერთიანებათა ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნვას ფხაკაძე სპორტში მის მიღწევებსა და გამოცდილებას უკავშირებს.
„მე იმ გუნდის წევრი ვარ, რომელიც არჩევნების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ იყო ამ პოზიციაზე დანიშვნის გადამწყვეტი ფაქტორი. მერმა ჩემი კანდიდატურა ამ სფეროში ჩემი დიდი გამოცდილების მიხედვით შეარჩია. ასე ხდება სხვა პოზიციებზეც, ბატონი გიორგი კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმის მიხედვით არჩევს კადრებს და მისთვის ერთპიროვნულობა გადამწყვეტი არასდროს ყოფილა”, -აღნიშნა ფხაკაძემ.
ფხაკაძემ ააიპში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება.
„რეორგანიზია 5 თებერვლისთვის დასრულდება, სავარაუდოდ, მერიის ახალგაზრდული სამსახურიც ჩვენ შემოგვიერთდება. ისეთი ძირეული ცვლილებები, რომელიც პროფესიონალ კადრებს დააზარალებს, არ განხორციელდება“, -აღნიშნა ფხაკაძემ.
რაც შეეხება ააიპის მოსალოდნენ ბიუჯეტს, ამის შესახებ ჯერ ფხაკაძე კონკრეტულად ვერ საუბრობს.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ველოდებით ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასა და რეორგანიზაციის დასრულებას. ამ ყველაფრის შემდეგ გვეცოდინება ააიპის ბიუჯეტის ზუსტი ოდენობა“, -განაცხადა ფხაკაძემ.
ააიპის ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მთავარი აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გააკეთა.
„ჩვენთვის სპორტის ყველა სახეობა პრიორიტეტულია, სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანიც სწორედ ჯანსაღი ცხოვრება და მისი პოპულარიზაციაა. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში საჭირო ღონისძიებათა განხორციელება იგეგმება, რომლის დამუშავების პროცესში სწორედ ახლა ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და განვითარება. ასევე სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა.
ვგეგმავთ სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებსა და სხვა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავებაზე მუშაობა. ვგეგმავთ საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები - ჩვენი ქალაქის სპორტსმენების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზობებზე და ახალი ნიჭიერი თაობის აღმოჩენა.
მომავალ გეგმებში შედის ააიპის გაფართოება, ანუ ახალგაზრდული მიმართულებების დამატება, რომელიც უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს ბევრი კარგი ახალი ინიციატივა, რომელზეც რეორგანიზაციის შემდეგ ვისაუბრებთ,“- განაცხადა კობა ფხაკაძემ.
ამჟამად ააიპ სპორტულ დაწესებულებაა გაერთიანებაში 13 სპორტსკოლა ირიცხება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე