ჩხობაძის ცენტრის თანამშრომლები დირექტორს უპირისპირდებიან
ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკური ცენტრის თანამშრომლეთა ნაწილი დირექტორად თენგიზ მამასახლისის დანიშვნას აპროტესტებს. კლინიკის თანამშრომლებმა 4 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგები ეჭვქვეშ დააყენეს. აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ ეკონომიკის მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმერეთის გუბერნატორს და ქალაქის მერს წერილობით მიმართეს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, 4 აგვისტოს დირექტორის პოსტზე კონკურსი ყველა პირობის დარღვევით ჩატარდა და გავლენიანი ნათესავის ძალისხმევით თენგიზ მამასახლისი დაინიშნა.
„დირექტორი ყველა პირობის უგულებელყოფით დაინიშნა. პირობაში ეწერა, რომ კანდიდატს დირექტორის თანამდებობაზე ხუთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა, მამასახლისის ყველაზე დიდი თანამდებობა კი ადმინისტრაციის სამსახურის უფროსობაა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მოხდა საბუთების გაყალბება. ამასთან ერთად, აუცილებელია, დირექტორს გამოცდილება ქონდეს და ერკვეოდეს ფინანსებში“,-ნათქვამია განცხადებაში.
თანამშრომლები დირექტორს ხელფასების შემცირებასა და შტატების გაუქმებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მამასახლისმა გააუქმა მთავარი ექიმის შტატი.
„ჩვენი კლინიკა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ამიტომ ყველა ცვლილება უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროსთან, თუმცა ასე არაა, ბატონი თენგიზ მამასახლისი აშინებს თანამშრომლებს და მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრება, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენი საკითხით დაინტერესდნენ“, -აღნიშნავენ თანამშრომლები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















