ცნობილია სამინისტროები, რომლებიც სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დევნილთა სამინისტროსთან გაერთიანდება, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი - განათლების სამინისტროსთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, ასევე ერთ უწყებაში მოექცევა ყველა ის მიმართულება, რაც მშენებლობებს ეხება. "კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დევნილთა სამინისტრო გაერთიანდება. მთავარი არის ის, რომ მთელი სამშენებლო სექტორი, ანუ სკოლების, ციხეების მშენებლობა, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რომ არ იყოს დაგვიანებები, ტენდერების საკითხები და ეს რა თქმა უნდა კორუფციის რისკებსაც გამორიცხავს. ასევე, გარკვეული სექტორები უწყებებიდან გადავა ჯანდაცვის სამინისტროში, რაც ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრუქტურულ ცვლილებებზე დეტალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას ისაუბრებს
ავტორი: ნიუპრესი