|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ცხოვრება გაცრეცილი სახეებით და დაკოჟრილი ხელებით“ (ფოტო)

  ცხოვრების გაუარესებული პირობები და მძიმე სოციალური ფონი.  „ნიუპრესის“ ობიექტივში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც თავს გარევაჭრობით ირჩენენ.

„უკვე 22 წელია, გარემოვაჭრე ვარ. არ ვიცი ზამთარი და ზაფხული, წვიმა და თოვლი. მე მაინც უნდა გამოვიდე,  თუნდაც 60 გრადუსი სიცხე იყოს. ეს არის  ერთადერთი საშუალება, რომ ვარჩინო ოჯახი. ჩემი ხელები ქალის ხელებს აღარ გავს. ხელები კი არა, საერთოდ, აღარ ვგავარ ქალს. ქმარი უმუშევარია. მყავს 27 წლის ბიჭი, რომელიც ახლა ნათხოვარი ,,კაჭკით" მუშაობს. ვცხოვრობ ნაქირავებში. საკუთარი სახლიც კი არ გვაქს,  დავწანწალებთ ერთი ადგილიდან მეორეზე. სოციალურ დახმარებას ვიღებდი, მაგრამ ისიც შემიჩერდა, უკვე 5 თვეა. ერთადერთი შემოსავლის წყარო, ესაა გარემოვაჭრეობა, მაგრამ უკვე ხვალისთვის გასაყიდი პროდუქტიც აღარ მაქვს. გაიხედეთ-გამოიხედეთ,  აქ ბევრი გარემოვაჭრეა, რომელთაც იგივე პრობლემები აქვთ, მაგრამ დახმარების ხელს არავინ გვიწვდის. არჩევნების დროს ვახსენდებით ყველას და მაშინ გვაძლევენ დაპირებებს, რომელთაც ასრულება არ უწერია“, - გვითხრა დარეჯან გუმბერიძემ.

„წლებია, დავწანწალებ და ვმუშაობ. ჩვენთვის არასდროს, არცერთი მთავრობა არ ყოფილა. ხალხი მუშაობს, მაგრამ რა? ლარიც უფასურდება და ჩვენი შრომაც. ისეთი პერიოდი დადგა,  ცხოვრებაც აღარ მოგინდება კაცს. გადასახადები იზრდება, შემოსავალი კი ზღვაში წვეთივითაა. ხალხს ყელში ხელს გვიჭერენ, მალე სუნთქვის საშუალებაც არ გვექნება“, - აღნიშნავს ნესტან გუბელაძე.

ნათელა ლომიძე პენსიონერია,  მასაც სხვებივით ქუჩაში ვაჭრობა უწევს: "მეყოფა  160 ლარი მთელი თვის განმავლობაში, როდესაც  წამლები გაძვირდა, პროდუქტიც გაძვირდა, კომუნალურმა გადასახადებმა აიწია?.. არ მყოფნის, სწორედ ამიტომ ვზივარ აქ და ვქსოვ წინდებს, რომლებსაც შემდეგ ვყიდი, აი, ესაა ჩემი დამატებითი შემოსავალი და ცხოვრების წყარო“, - გვითხრა მან.

 

  

 

    

 

ავტორი: ელიტა ჯინჯოლია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა