დაავადებათა კონტროლის ცენტრი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
NCDC - ის ინფორმაციის თანახმად, დაავადება ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. ასევე აღწერილია გადაცემის შემთხვევები არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია „მაიმუნის ყვავილის“ 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
„მაიმუნის ყვავილით“ ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღწერეს.
ვინაიდან ბოლო წლებში ტყეების გაჩეხვისა და გარემოზე მიყენებული რიგი ზიანის გამო ვირუსის გავრცელების არეალი და გამოვლენის სიხშირე გაზრდილია, მაიმუნის ყვავილი ფასდება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შემცივნებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით (ლიმფადენოპათია).
სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე (შემთხვევათა 75%-ში). დამახასიათებელია სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა დაინფიცირებულებს ჩუტყვავილის გამონაყარისგან განსხვავებით, არ ეფხანებათ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო - ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში.
ავტორი: ნიუპრესი