"დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს"
უკრაინულმა ვებგვერდმა Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება.
აუდიოჩანაწერის თანახმად, "პრანკერი" საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.
ამავე ჩანაწერის მიხედვით, გიორგი მღებრიშვილი უკრაინულ მხარეს სთხოვს, ექსპრეზიდენტი საქართველოს არ გადმოსცენ. ამასთან, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება. პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.
“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
ავტორი: ნიუპრესი