დაკავებულია 461 პირი, 300-ზე მეტი დაექვემდებარა წამებას - ეკა გიგაური
8 ნოემბრის შემდეგ არის 461 დაკავებული, 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას - 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაირმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეებს დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ და დაცვის მხარის მტკიცებულებები ფაქტობრივად, არ არის ხოლმე გათვალისწინებული.
როგორც გიგაური აღნიშნავს, მოსამართლეები დაკავებულ პირებს არ აძლევენ საშუალებას ისაუბრონ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჰყავდათ ისინი იზოლატორებში, ან დაკავების დროს და არ ასაუბრებენ მათ წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ.
„28 ნოემბრის შემდეგ არის 460 პირზე მეტი დაკავებული, აქედან 430 დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და 31 სისხლის სამართლის ბრალდებით საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. დაახლოებით, პირთა ასაკი მერყეობს 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის არის ასევე უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე.
მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ. ჯარიმები მერყეობს 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე და ასევე ისინი იყენებენ პატიმრობასაც 4-დან 14 დღემდე.
იზოლატორების გადატვირთულობის გამო, ხშირ შემთხვევაში ეს დაკავებული პირები გადაჰყავთ იზოლატორებში უკვე თბილისის გარეთ. ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ თავიანთი კლიენტების ადგილსამყოფელს გაიგებენ და ესეც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფაქტი“ - განაცხადა გიგაურმა.
ipn.ge
ავტორი: