დაკეტილი გელათის მონასტერი ტურისტების გაკვირვებას იწვევს - თორნიკე ბარათაშვილი
დაკეტილი გელათის მონასტერი ტურისტების გაკვირვებას იწვევს, - აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
მისივე თქმით, კომპლექსის სრულად ჩაკეტვა, შესაძლოა, ინფორმაციის ჩაკეტვის სურვილს უკავშირდებოდეს.
"მეხუთე დღეა, გელათის მონასტერი დაკეტილია ნებისმიერი მიზნით მისული ვიზიტორისათვის. ყველაზე მეტ გაკვირვებას ეს ტურისტებში იწვევს, რომელთა მარშრუტში შეტანილია ამ კომპლექსის მონახულება. ერთადერთი, რაც მათ ხვდება, არის მხოლოდ ქართული წარწერა, რაც მათთვის გაუგებარია, თუ ქართველი გიდი არ ახვლავთ, ეს გაკვირვება კიდევ უფრო იზრდება", -აღნიშნავს ბარათაშვილი.
მისივე თქმით, ექსპერტები მონასტრის მხოლოდ ერთ ნაწილზე ძირითადი ტაძრის ხარაჩოზე მუშაობენ და სრული კომპლექსის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობდა.
"ექსპერტები მონასტრის მხოლოდ ერთ ნაწილზე, ძირითადი ტაძრის ხარაჩოზე მუშაობენ. დანარჩენ ადგილებში ვიზიტორთა გადაადგილება შეუფერხებლად იქნებოდა შესაძლებელი. ამით ყველას ინტერესი დაკმაყოფილდებოდა და არ გამოიწვევთა ამ უხერხულობას. ამის მიზეზი შეიძლება პროცესის საბოლოდ დაკეტვა წარმოადგენდეს, რომ იქედან ალტერნატიული აზრი არ გამოდიოდეს, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მონიტორინგის გამოცდილება და ვერავინ იტყვის თუნდაც ერთი ხელშეშლის შემთხვევას", - აცხადებს ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, 23 ივნისიდან იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისტორიულ გელათის მონასტერში მისულ მრევლს და მომლოცველებს მონასტრის ეზოში შესვლის საშუალება არ აქვს. მათ ტერიტორიაზე დაცვის სამსახური არ უშვებს.
დაკეტილია სამონასტრო კომპლექსში არსებული სამივე ეკლესია - წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის შობის ტაძარი.
ავტორი: ნიუპრესი