მეუფე კალისტრატეს თანხის გაფლანგვაში ედავებიან
ქუთაისელი ჟურნალისტი დალი ბარაბაძე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის. ის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. დალი ბარაბაძემ, გელათის სასულიერო აკადემიის რადიოს „კვალი ნათელი“ რედაქტორად 2004 წელს დაიწყო მუშაობა. მისი თქმით, ანაზღაურება ცოტა იყო, რის გამოც ახალი რუბრიკის დაფინანსება ხელისუფლებას სთხოვა. პროექტი 2006 წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან 1700 ლარით დაფინანსდა.
„თანხის ჩამორიცხვის შემდეგ პროექტის გასაგრძელებლად მოვითხოვე დაფინანსების გახანგრძლივება 8 ათასი ლარით. ქუთაისის იმჟამინდელმა მერმა ბაკურ ბალანჩივაძემ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და გამოგვიყო დაფინანსება. ადგილობრივი ბიუჯეტში ეპარქიისთვის 12 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი, რასაც მეორე ჯერზე გამოყოფილი 8 ათასი ლარი დაემატა და გახდა 20 ათასი. ჩემს სახელზე მომზადებული დადგენილება ეპარქიას გადაეცა, რომლის შესახებ მე არავინ მაცნობა. მერიაში მოვიკითხე დაფინანსების ამბავი და მითხრეს, რომ გამოყოფილი თანხა ეპარქიას ჩაერიცხებოდა. მეუფე კალისტრატემ განმიცხადა, რომ თანხა ეპარქიის იყო. ვერაფერს გავხდი მასთან საუბარში. სამწუხარო ის არის, რომ ეკლესიას არიან შეფარებულები და ტაძრებში დამნაშავეთა სამყარო კარგად გრძნობს თავს“,-აღნიშნავს ჟურნალისტი დალი ბარაბაძე.
ბარაბაძე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გაშუქების გამო მეუფე კალისტრატემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
„მომხდარის გამო პატრიარქს მივმართე, განიხილეს ეს თემა და მეუფეს ჩემი სამსახურში აღდგენა დაევალა, თუმცა უშედეგოდ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მივმართე. ვინაიდან ქუთაისის ეპარქია იურიდიულად გაფორმებული არ არის, სარჩელი საპატრიარქოს მიმართ შევიტანე. ჩემი მოთხოვნაა, აღმადგინონ სამსახურში და დამიბრუნონ ის თანხა, რაც ჩემი შრომით მოვიპოვე“,- აღნიშნავს ბარაბაძე.
ბარაბაძის განცხადებას მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი გელა ჩივაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბარაბაძის გათავისუფლება რადიოს „კვალი ნათელი" ლიცენზიის უქონლობის გამო მოხდა.
"დალი ბარაბაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ნამდვილად დაიწერა, ვინაიდან, მას არ ქონდა რადიოს ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი. არც მტკიცებულება არსებობს, რომ ეს თანხა არის გადმორიცხული. დოკუმენტში წერია გამოყოფაზე და არა გადარიცხვაზე. მეუფემ უარი განაცხადა თანხის ჩარიცხვაზე, ვინაიდან მიზნობრივად ვერ გაიხარჯებოდა რადიოს ლიცენზიის უქონლობის გამო. დალი ბარაბაძის გათავისუფლება ამ მიზეზით მოხდა, თუმცა მეუფე კალისტრატემ ის სხვა თანამდებობაზე გადაიყვანა, სადაც იგივე ანაზღაურება ქონდა",-აცხადებს გელა ჩივაძე.
მისი თქმით, ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომელსაც სასამართლოზე წარადგენენ.
საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო 29 დეკემბერს განიხილავს. მოსარჩელის ინტერესებს ადვოკატი ნოდარ კვიციანი დაიცავს.
„ნიუპრესი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი