„დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“ - პროექტი დევნილებისთვის
„დევნილთა ახალ დასახლებებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“ - აღნიშნულ თემაზე ქუთაისში, "სასტუმრო ბაგრატი 2013"-ში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დევნილები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პროექტის დონორები ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდის ჩატარების მიზანს ისეთი პროგრამების შექმნა წარმოადგენს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება დევნილების საარსებო წყაროზე ხელმიწვდომობის გაზრდა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ დირექტორმა ნუკრი მილორავამ, შეხვედრაზე წარმოადგინა პროექტი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელს შეუწყობს საარსებო წყაროების მოძიებაში, დასაქმებასა და განვითარებაში. პროექტი ითვალისწინებს 1 500-მდე ბენეფიციარის მიღებას. დევნილებმა უნდა წარმოადგინონ ბიზნეს-გეგმა, რომლის შედგენაშიც სპეციალურ სწავლებას გაივლიან. ახალი იდეებისა და ბიზნეს გეგმის ინიციატორები დაფინანსდებიან სამი ტიპის გრანტით, 500, 2 000 და 4 000 ევროთი. გრანტები საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაირჩევა.
„ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ქვია „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“. ეს ნიშნავს იმას, რომ დევნილთა ჯგუფს, რომელიც სიღარიბს ზღვარს ქვემოთ არის, დავეხმაროთ სიღარიბის დაძლევაში. ეს პროექტი 5 ქალაქში ტარდება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ახალგორის რაიონში“,-აღნიშნა ნუკრი მილორავამ.
პროექტის ფარგლებში ყველა ტიპის საქმიანობაა მისაღები. 4 000 ევროთი მხოლოდ ის დევნილები დაფინანსდებიან, რომლებიც დადებენ პირობას, რომ ამ თანხის აღების შემდეგ სხვა დევნილს, ან სოციალურად დაუცველს დაასაქმებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე წარმოვადგინე ბიზნეს გეგმა და დაფინანსებაც მოვიპოვე. ჩემი ბიზნეს გემა 2 ათას ევროიანია. ის ითვალისწინებს წყალტუბოში ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობას. მივიღე თანხმობა უკვე მუშაობის პროცესში ვართ“,-განაცხადა ზაზა თუთისანმა.
პროექტის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ და „აფხაზინტერკონტის“ ოფისებში შეიქმნა ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები (BIC), რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი