|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დანაშაულია ჩადენილი და თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი"–ღია წერილი ქუთაისის მერს

ლევან ჭავჭანიძე ქუთაისის მერს ღია წერილით მიმართავს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შეჩერებას მოითხოვს. კაფე–კინო "ბრაზერსის" მფლობელი გიორგი ჭიღვარიას განუმარტავს, რომ "მოპარული" პროექტის გამო შეცდომაშია შეყვანილი.

"ვინაიდან ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური მაინც აპირებს კაფე-კინო "ბრაზერსის" კუთვნილ,  მოპარული ფესტივალის ჩატარებას, სახელშეცვლილს, სხვადასხვა ტრიუკებით, იძულებული ვარ, გავაკეთო განცხადება. მივმართავ ქალაქ ქუთაისის მერს ბატონ გიორგი ჭიღვარიას, სასწრაფოდ შეაჩერეთ პროექტი და გაიწვიეთ უკან. თქვენი ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილია დანაშაული და თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილი და ჩათრეული. ასევე მივმართავ ფესტივალში შესაძლო მონაწილე პირებს და საქართველოს კინო ცენტრს! თქვენ თქვენი მონაწილეობით ამ ყველაფრის მონაწილე და ერთგვარი თანამზრახველი ხდებით ამ ქურდობისა, ამიტომ უარი თქვით მასში მონაწილეობაზე და დადექით კანონიერების, სხვისი უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

მივმართავ ჟურნალისტებს, მედიას, პრესას, ვინაიდან არ ვიმყოფები საქართველოში, გთხოვთ, მიაწვდინოთ ჩემი ხმა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ქალბატონი თამთა თურმანიძე რაღაც თაღლითური ტრიუკებით გეგმავს სიტუაციის შემობრუნებას და ჩვენი პროექტის მითვისებას და თავის პროექტად გასაღებას. ვინაიდან უკვე პროექტი განხორციელების ბოლო ეტაპზე ყავს მიყვანილი, მას სხვა გზა არ აქვს, გარდა თავის გადარჩენისა და ის ყველაფერზეა წამსვლელი", –წერს ლევან ჭავჭანიძე.

შეგახსენებთ, ჭავჭანიძე მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს პროექტის ქურდობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პროექტი "თეთრი ხიდი" მერიაში 2016 წელს შეიტანა.

ბრალდებას უარყოფს თამთა თურმანიძე და ამტკიცებს, რომ მსგავსი პროქტი მერიაში ჯერ კიდევ 2015 წელს არსებობდა. 

ავტორი: ნიუპრესი