დასავლეთ საქართველოს საკრებულოების "ნაციონალი" დეპუტატები ოზურგეთის მოვლენებს ეხმიანებიან
დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს "ნაციონალი" წევრები ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. დეპუტატები ქუთაისში მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ბესო ქათამაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები შემთხვევის სათანადო გამოძიებას მოითხოვენ.
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალისმიერ მმართველობაზეა გადასული. ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ თბილისში მიმდინარე პროცესები, რომლის დროსაც ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე დააკავეს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე. ორიოდე დღის წინ კი პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრს ბესო ქათამაძეს, ქართული ოცნების დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება კვლავ იყენებს თავის გავლენებს სამართალდამცავ უწყებებზე და ხელს უშლის საქმის სამართლიან გამოძიებას. ჩვენ, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგა ბესო ქათამაძეს და მივმართავთ ხელისუფლებას: დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და რეალური დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ", -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი უკლებამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს. ამიტომ თვლიან, რომ ადგილობრივ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პასუხისმგებლობა ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც უნდა აიღონ.
"ნაციონალური მოძარაობის" წევრები მოითხოვენ არა უგვიანეს პარასკევისა, ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი