|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში 6 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მკვეთრად აცივდება.

16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

17-18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა  მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით,  მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

ავტორი: ნიუპრესი