|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალი შემოდგომაზე ამოქმედდება

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 375 341 ლარია გამოყოფილი.  ამ დროისათვის  დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე  გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ.

ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები.

სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.

 

ავტორი: ნიუპრესი