„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის - სალომე ზურაბიშვილი
„დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლადმოწვეული პარლამენტიოს პირველი სხდომის გახსნისას.
მისივე თქმით, დადგა დრო როდესაც ქვეყანამ ერთ წრეზე ბრუნვის მოჯადოებული წრე უნდა გარღვიოს.
„დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით!
ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება!
„დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!
„დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით!
სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად.
საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, მხოლოდ ერთი პარტიის, ქართული ოცნების წევრები ესწრებიან, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.
ავტორი: ნიუპრესი