დაზიანებულია შენობები, ავტომობილები, დაშავდნენ ადამიანები - იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში. ძლიერი ქარის გამო ქუთაისსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადახდილია შენობების სახურავები, წაქცეულია ხეები, რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია.
წუხელ ღამით ქარმა 70-მდე შენობის სახურავი და ათამდე მანქანა დააზიანა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი არ მიეწოდება.
ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
გუშინ, ხის წაქცევის შედეგად ვანში, ორი ადამიანი დაშავდა, ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, წუხელ 69 შენობა დაზიანდა, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება.
"იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი.
ღამით 69 შენობა დაზიანდა, როგორც კორპუსი, ასევე სახლები, ათამდე მანქანა დაზიანდა. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად, მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა