|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დელტა შტამი ისე ადვილად ვრცელდება, როგორც ჩუტყვავილა" - ახალი კვლევა

კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი უფრო მძიმე ავადობას იწვევს, ვიდრე ტრადიციული შტამი და ისევე ადვილად ვრცელდება, როგორც ჩუტყვავილა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში,  რომელიც მედიაში გავრცელდა. 

დოკუმენტი პრეზენტაციის სახით გავრცელდა, რომელშიც საუბარია ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონაცემების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, CDC აცხადებს, რომ ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა ისევე ავრცელებდნენ დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები.

დოკუმენტის ავთენტურობას ადასტურებს CDC-ს დირექტორი დოქტორი ვალენსკი და აღნიშნავს, რომ ვითარება სერიოზულია. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია, რაც კი ჩვენთვისაა ცნობილი და ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც წითელა და ჩუტყვავილა.

აქედან გამომდინარე,  CDC გეგმავს პირბადის ტარების ვალდებულება დააკისროს ორჯერადად აცრილ პირებს დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გავრცელების დიდი რისკია.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ასეთი დაწესებულებები იქნება სკოლებიც, სადაც ყოველთვის ნიღბები უნდა ეკეთოთ როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე, ვიზიტორებსაც.

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, დელტა შტამით ინფიცირებულ ერთ ადამიანს საშუალოდ 8-9 პირის დაინფიცირება შეუძლია. მანამდე, მეცნიერებს ეგონათ, რომ ტიპური გრიპის მსგავსად, ერთ პირს საშუალოდ ორი სხვა ადამიანისთვის დაავადების გადადება შეეძლო.

 

ავტორი: ნიუპრესი