"დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო"
დიდგორის ბრძოლა ანუ "ძლევაჲ საკვირველი" 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა მეფის დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა.
ამბობენ, რომ "დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო". ქართველთა რწმენის თანახმად, სახელოვან მეფეს წინ ცხადად მიუძღოდა წმინდა გიორგი, რომელიც მუსრავდა ზედამოსულ მტერს. ამ სასწაულს ყველა ხედავდა, თვით უსჯულონიც კი გაოცებულნი ყვებოდნენ, თუ როგორ მოსრა ციდან ჩამოსულმა, თეთრ ცხენზე მჯდომმა წმინდა რაინდმა არაბეთის სახელოვანი მებრძოლნი და როგორ მარჯვედ განდევნა ურიცხვი მტერი.
დავითი ღრმადმორწმუნე იყო და ღმერთიც არ ტოვებდა მას. ბრძოლის წინ მეფემ ჯარს მიმართა: ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად კვლავაც ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არათუ თურქებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, რომლის მსახურნიც ისინი არიან. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე დავიხოცებით და უკან კი არ დავიხევთ. გზა უკან ამოქოლილია, გაქცევაც რომ ინდომოს ვინმემ, ვერ შესძლებს. მაშ, განემზადეთ, ძმანო და შვილნო, ქრისტესთვის და საქართველოსთვის!
საოცარი იყო გამარჯვება. ქართველებს უამრავი სიმდიდრე დარჩათ: საჭურველი, იარაღი, არაბული ცხენები, კარვები, სრა-ფარდაგები, ტყვეებს შორის კი - თვით არაბთა მეფენი და გოლიათი მხედრები, თუმცა თბილისი ჯერ კიდევ მტრის ხელში იყო.
ბრძოლა
სელჩუკებს ართუკიდი ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.
მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 250-300 ათასიდან ( სომხური და თურქული წყაროების თანახმად) 500-600 ათასამდე (არაბული, სპარსული ქართული და ევროპული წყაროების თანახმად).
მოკავშირეთა დარტყმა სწრაფი, გადამწყვეტი, თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეკრიბეს საუკეთესო ცხენოსანი მეომრები ეგვიპტედან კავკასიამდე. თურქული კავალერია იმ დროის განთქმული სამხედრო ძალა იყო.
დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ”ფრანგია” (ევროპელი).
როგორც ჩანს, ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.
ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია - დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.
უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა...
საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.
დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ, მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ, გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს.
12 აგვისტო - "დიდგორობა" საქართველოში როგორც სახალხო დღესასწაული ისე აღინიშნება, საქართველოს პარლამენტის მცდელობა, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოეცხადებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ავტორი: ნიუპრესი