ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმი - კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით, იურიდიული პირი - ჯარიმით.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო. დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
22 მაისს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია "მონიტორი" და "საქართველოს ამბები". სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.
20 მაისს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განმარტა, რომ „ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს... ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.