დღეიდან მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება
დღეიდან მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გახსნა იწყება - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც დადგენილ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“. შეიქმნა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება. საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი