"აქციას ქუთაისიდან საკმაოდ დიდი ჯგუფი შევუერთდებით" -გიგა შუშანია
თბილისში პარლამენტთან დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან შეუერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისიდან მრავალრიცხოვანი ჯგუფი გეგმავს აქციაზე წასვლას.
"ქუთაისის ორგანიზაცია უერთდება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწოდებას. ჩვენ პირველი დღეებიდან ვიდექით ამ ადამიანების გვერდით. დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან საკმაოდ დიდი ჯგუფი შევუერთდებით. ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და სურვილს გამოთქვამს, რომ შეუერთდეს ამ აქციას.
ხელისუფლების ქმედებებმა კარგად დაგვანახა, რომ გარდა ფასადური განცხადებებისა, რეალურ ცვლილებებს არ აპირებს. არ აპირებს არც დამნაშავეების დასჯას, ვინც ხელი დააფარა მკვლელებს. ჩვენ შევუერთდებით ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რაც არის დამნაშავეების დასჯა, ასევე ხელისუფლების გადადგომა, რადგან ხელისუფლებაა პირველ რიგში დამნაშავე იმაში, რომ გასცა დავალებები, ხელი დაეფარებინა მკვლელებისათვის და მოეხდინა მტკიცებულებების გაყალბება", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, მსგავსად ქუთაისისა, აქციას შეუერთდებიან საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
შეგახსენებთ, გუშინ ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მხარდაჭერისაკენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს. დღეს, 18 საათზე დაგეგმილ აქციას პოლიტიკური ლიდერები შეუერდებიან. როგორც ცნობილია, აქციაზე მოხდება სამოქმედო გეგმის გაცხადება.
ავტორი: ირინა მაკარიძე