ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას პარლამენტთან აქციით გააპროტესტებენ
ქუთაისში დღეს ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას აქციით გააპროტესტებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, საზოგადოების წარმომადგენლები რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფას გააპროტესტებენ, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებად ერთ-ერთი ქართული კომპანიის "აიისას" მიერ პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების დატანას უკავშირდება.
"დღეს პარლამენტთან ვიკრიბებით იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აღშფოთებული არიან ქართველი ერის რელიგიური და ეროვნული დისკრიმინაციით. ამის ბოლო წვეთი იყო იმ უსინდისო ადამიანების საქციელი, რომლებმაც ჩვენი სათაყვანებელი წმინდანი თამარ მეფე გამოხატეს თავიანთ პროდუქციაზე. არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში ეროვნული ღირსების ამაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა. გვინდა, ჩვენს არჩეულ დეპუტატებს მოვუწოდებთ, რომ საკანონმდებლო დონეზე მიღებული იქნას ისეთი დადგენილება, რომ საქართველოში ქართველი ერის ეროვნული და რელიგიური დისკრიმინაცია არ ხდებოდეს"- განაცხადა სასულიერო სემინარიის ისტორიის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ მურუსიძემ.
არსებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას სტუდენტები, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგები და სასულიერო პირები მიიღებენ.
აქციას შეუერთდებიან პარტიის "თავისუფალი საქართველო" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი ფაქტების აღკვეთის მიზნით საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა".
აქცია პარლამენტთან 15.30 საათზე გაიმართება.
ავტორი: ირინა მაკარიძე