„ე.წ. ბონუსი არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა"
„ე.წ. ბონუსი არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.
საყოველთაო განხილვას, რომელიც ზესტაფონის შემდეგ სამტრედიაში მოეწყო, ამჯერადაც მამუკა მდინარაძე უძღვებოდა. თბილისისაგან განსხვავებით, შეხვედრამ ექსცესების გარეშე ჩიარა.
მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად კი ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა. მან ასევე საარჩევნო სისტემის მხრივ განხსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე გააკეთა განმარტებები.
განხილვას ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილი, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე ესწრებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა დეპუტატისთვის მიუღებელია ბონუს სისტემა.
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. ბონუს სისტემის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც გააკრიტიკა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგ საკითხებთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს.
აკაკი ბობოხიძემ ახალი რედაქციით შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი გააპროტესტა. დეპუტატის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქციით შემოთავაზებულ წესზე, პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა. „კონსტიტუციის შინაარსი თქვენთან შეხვედრით ყალიბდება, რადგან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ პროექტი მოამზადა, ხოლო საბოლოო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრით და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხევს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი