"ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი,"-გიორგი ქობულია
"ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში.
„ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ამით კეთილდღეობა ძირითადი მოსახლეობის არ გაიზრდება. იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში, ის ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს - ინკლუზიურობა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ თანაბრად შემოსავლები მოსახლეობას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და ეს ხალხი, რომ იყოს დასაქმებული და გამოიმუშაოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ქობულიამ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ასევე თქვა, რომ ის ქვეყანას 10%-იან ზრდას ვერ დაპირდება და რომ ამასთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა არსებობდეს.
მან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "არანაირი ეკონომიკური ზრდა ჩვენ არ გვჭირდება, თუ ხალხი დაშავდა. დასაქმებულთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი."
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ივანიშვილთა მისი ნაცნობობის შესახებ დასმულ კითხვასაც გასცა პასუხი და განაცხადა, რომ პარტიის ლიდერთან მხოლოდ სამი კვირის ნაცნობობა აკავშირებს.
შეგახსენებთ, გიორგი ქობულიას უმაღლესი განათლება საქართველოსა და აშშ-ში აქვს მიღებული: არის საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი და ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების მაგისტრი.
ბოლო პერიოდში ის ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის “McKinsey & Company” მოსკოვის ოფისში საქმიანობდა.
ავტორი: ნიუპრესი