ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" დატოვა
ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" დატოვა. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.
"მინდა, დავიწყო მადლობით "ევროპული საქართველოს" მიმართ. ესაა გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება... პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. სათქმელიც არ არის, რომ არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე, ერთიანი, პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას", - თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, ელენე ხოტშარია ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. მან საზოგადოებას თავი განსაკუთრებით რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის წინააღმდეტგ მიმართული აქციით დაამახსოვრა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის იყრიდა კენჭს და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მიიღო. მან საქართველოს პარლამენტის მანდატი "ევროპული საქართველოდან" მოიპოვა, თუმცა, ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, ის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
ავტორი: ნიუპრესი