|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკაიპით" ვნახე ჩემი შვილების გაბედნიერება და "სკაიპით" გავაცილე მეუღლე ამ ქვეყნიდან"

    საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ მცირდება. მიუხედავად მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებებისა, მოქალაქეები გაუსაძლისი რეალობიდან კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იგდებენ თავს და  და მიდიან ემიგრანტებად, თავიდან რამდენიმე თვით, თუმცა ყველამ იცის, რომ რამდენიმე თვე რამდენიმე წლად გადაიქცევა და ზოგჯერ მარადიულობადაც.

როგორ ცხოვრებენ ადამიანები ემიგრანტის სტატუსით და რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება?  „ნიუპრესი“ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გაესაუბრა.

საქართველო 14  წლის წინ  დატოვა. სამშობლოში დაბრუნება ოცნებად აქვს გადაქცეული. უსაბუთობის გამო,ზაფხულობითაც  ვერ ნახულობს მის ახლობლებს და ნათესავებს, ამიტომ ელოდება იმ ბედნიერ წუთებს, როდესაც  თანხას მოაგროვებს და შინ დაბრუნდება. ქუთაისელი  ემიგრანტი თამილა კვანტალიანი წლებია, საბერძნეთში ქალაქ ათენში მოხუც ბებოს უვლის. სახლში 2 შვილი და 4 შვილიშვილი ელოდება. შვილიშვილებს  ინტერნეტის საშუალებით იცნობს.

"ვირტუალური სამყაროა ჩემი ცხოვრება",- აღნიშნავს და წასვლის მიზეზებს იხსენებს. თავდაპირველად საზღვარგარეთ წასვლა 2 წლით ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა პრობლემებმა და ეკონომიურმა მდგომარეობამ 14 წლით მოწყვიტა მშობლიურ მიწას. მისთვის  უცხო ქვეყანაში ყოველი დღის გათენება კოშმარია. როგორც კვანტალიანი აღნიშნავს, რამდენიმე სამსახური გამოიცვალა  და უკვე  5 წელია,  ერთ მოხუცს უვლის, სადაც თავს სხვა სამსახურებთან შედარებით უკეთ გრძნობს.

"სანამ წავიდოდი ყველაფერი მარტივად მეგონა, თუმცა ისეთი რთული ყოფილა, მიკვირს, როგორ გავუძელი. თავდაპირველად, ენა არ ვიცოდი, მუშაობა 24 საათიან სამსახურში დავიწყე - "მესაში". მოხუცებულთან ერთად ვცხოვრობდი.  ხან რას მეუბნებოდა,  ხან რას, მე ზოგს ვიგებდი, ზოგს  ვერა. ერთხელ მთხოვა წყალი მომიტანეო,  სიტყვები ერთმანეთში ამერია და წყლის მაგივრად რძე მივუტანე. დიდხანს მიყურა, მერე აიღო ჭიქა და რძე  სახეში შემომასხა, თან ხმამაღლა  მიყვიროდა. ის წუთები არასდროს დამავიწყდება. ისე მინდოდა იქედან გამოქცევა, სახლში დაბრუნება, მაგრამ ამით უარესს ვიზამდი. ვალით წამოვედი და ამდენი ხანი მხოლოდ ვალის გასტუმრებას მოვუნდი. ძალიან მწყდება გული დაკარგულ წლებზე.  ყველაზე ბედნიერი წუთები გამოვტოვე. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ. "სკაიპით"  ვნახე ჩემი შვილების გაბედნიერება და "სკაიპით" დავინახე ჩემი პირველი შვილიშვილი, "სკაიპით" დავიტირე ჩემი საყვარელი  მეუღლე და გავაცილე  ამ ქვეყნიდან.  რატომ? რისთვის? ამ სიტყვებს ჩემს თავს რომ ვუსვამ,  ორმაგად ვღიზიანდები.  და აი, ასე შევეგუე ცხოვრების დინებას. მეტს ვეღარ გავუძლებ,  მალე უნდა დავბრუნდე სახლში და დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გავატარო. ეს ოცნებაღა დამრჩა",- ამბობს კვანტალიანი.

წყალტუბოელი ემიგრანტი  ირმა სულაბერიძე 11 წელია, საბერძნეთში იმყოფება. როგორც თვითონ აღნიშნავს,  ემიგრანტის ცხოვრება ძალზედ მწარეა.  3 შვილი და 4 შვილიშვილი ელოდება საქართველოში. საბედნიეროდ,  საბუთები აქვს და მის ოჯახის წევრებს ხშირად ნახულობს.  თუმცა,  ჯერჯერობით,  სახლში დაბრუნება არ  გადაუწყვეტია.  ძალიან რთული გზა გაიარა.  2 წელი  შიმშილობასა და დამცირებაში იმყოფებოდა, ამიტომ დაიფიცა "მესაში" მოხუცთან აღარასდროს წავიდოდა სამუშაოდ.

"ძალიან რთულია იცხოვრო იმ ადამიანთან,  ვინც ყოველდღე გამცირებს, საჭმელს არ გაჭმევს და შეურაცხყოფას გაყენებს. 2 წელი ვცხოვრობდი ასეთ პირობებში. იმდენი გულის ტკენა მაქვს გადატანილი,  გახსენებაც არ მინდა. ახლა 8 წელია,  კარგ ოჯახში ვმუშაობ.  დილით 8-ზე მივდივარ,  ვასუფთავებ და უკან 4 -ზე ვბრუნდები. მირჩევნია,  ჩემს  მოკრძალებულ ოთახში გემრიელად დავისვენო. ბედნიერი ვარ,  რადგან საბუთები ავიღე და ყოველ წელიწადს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვნახულობ, მაგრამ  მათ  რა უნდა ქნან,  ვისაც საბუთები არ აქვს და ოჯახის ნატვრაში ათენებენ და აღამებენ. ურთულესი ცხოვრება გვაქვს ემიგრანტებს, გამწარებული, სამშობლოს ნატვრაში გარბის წლები",-აღნიშნა  ირმა სულაბერიძემ.

ზოგი  წლების შემდეგ ბრუნდება საკუთარ სამშობლოში,ზოგი ვერც კი ნახულობს სამშობლოს,  ისე მიდის ამ ქვეყნიდან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი