„ემიგრანტის განცდებს რომ ჩაწვდე, ერთხელ მაინც უნდა იყო უცხო ქალაქში დაკარგული“
როგორია ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო, მათი განცდები და ემოციები მრავალი წლის წინ მიტოვებულ სამშობლოზე. პრობლემები, რომლებზეც ისინი იშვიათად საუბრობენ. ამ ადამიანებს ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით, ვკითხეთ, თუ როგორ ხედავენ ისინი დღევანდელ საქართველოს, უნდათ თუ არა ასეთ სამშობლოში დაბრუნება.
ნანა გეწაძე -იტალია
აბა რა გითხრათ, სანამ ქართველებში პასუხისმგებლობის გრძნობა არ იქნება მაქსიმუმამდე აყვანილი, მანამდე არაფერი გვეშველება... სამწუხაროდ, ჩვენ ემიგრანტები, მხოლოდ შემოსავლის წყარო გავხდით, შვილების და ოჯახების გადასარჩენად წავედით და უკან დასაბრუნებელი გზაც მოჭრილია თითქოს. წინწასვლის მაგივრად, ყოველ ჩამოსვლაზე, ასე მგონია, უკან მიდის საქართველოს ეკონომიური და ქართველების სულიერი მდგომარეობაც... ემიგრანტის განცდებს რომ ჩაწვდე, ერთხელ მაინც უნდა იყო უცხო ქალაქში დაკარგული, შეურაცხყოფილი და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დარჩენილი.
მაია გრიგოლია-აშშ
ყველას გვინდა დაბრუნება, მაგრამ როგორ? ერთი კვირით ჩამოვედი და ყველას, ვინც ვნახე, ერთეულების გამოკლებით, საჭმლის ფული არ აქვს. როგორ უნდა დავბრუნდეთ? ჩვენი, ემიგრანდების ერთი დიდი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გადავრჩინოთ ჩვენი ოჯახები. ამდენს ვწვალობ, ღამის 2 საათზე შევდივარ სახლში და ჩემებს მაინც ბევრი რამ აკლიათ... მიუხედავად იმისა, რომ მოსამსახურე ხარ, აქ ყველა გაფასებს, ყველას უყვარხარ და სახელმწიფოც ძალიან გეხმარება. ჩვენს ქვეყანაში კი... ვოცნებობ ტოლერანტურ, თანასწორუფლებიან, დემოკრატიულ და ისეთ საქართველოზე, სადაც მართლმადიდებლობა არის სიყვარული და არა ძალადობა ერთმანეთის მიმართ, სადაც თითოეული ჩვენგანის ხმა არის მნიშვნელოვანი.
თამუნა კევალიშვილი-იტალია
როცა იმყოფები ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, აქედან უფრო მტკივნეულად აღიქვამ საკუთარ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ჩვენი ქვეყანა ვერ იარსებებს ჩვენგან გადმოგზავნილი თანხის გარეშე. ფაქტობრივად, მანდ არაფერი მუშაობს და შესაბამისად, არც გამომუშავება და ხელფასებია. ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან მძიმე სურათია საქართველოში.
ჩვენს კითხვაზე, რომ არა თქვენი ოჯახი, დაბრუნდებოდით, თუ არა საქართველოში?- პასუხი მეტად მტკივნეული აღმოჩნდა.
ნანა გეწაძე, იტალია: მაინც დავბრუნდებოდი, აუცილებლად, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში კარგადაც რომ იყოს, მაინც სამშობლოში ცხოვრება ურჩევნია.
მაია გრიგოლია -ა შშ : მე ვაპირებ დაბრუნებას საქართველოში, ჩემი შვილის საფლავს ვერ მივატოვებ. სამსახური და სახლი რომ მქონდეს, ახლავე წამოვიდოდი.
თამუნა კევალიშვილი-იტალია: მე რომ მანდ მქონდეს საკუთარი ჭერი, აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია, ერთი დღე არ გავჩერდებოდი აქ, მასეთ გაპარტახებულ საქართველოშიც მოვახერხებ პურის ფულის შოვნას.
ემიგრანტების თემაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თანაგრძნობას ვუცხადებთ, ზოგჯერ ვგმობთ კიდეც მათ გადახვეწას უცხო ქვეყნებში, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. დრო გადის და პრობლემები რჩება. ქართველი ემიგრანტი ქალები ჩვენი დროის საქართველოს ყველაზე მტკივნეულდა ყველაზე ძლიერ ნაწილად რჩებიან. მათმა თავგანწირვამ და გმირულმა შრომამ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახები და ახლობლები, არამედ ქვეყანაც გადაარჩინა.
ავტორი: მარუსა ხურციძე