"ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება 280-მა, გრანტი კი 1000-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო"
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის - ENPARD-ის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო 280-ზე მეტმა კოოპერატივმა, გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა კოოპერატივმა- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა პროგრამის ოთხწლიანი შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
"2015 წელს ევროკავშირმა დაიწყო და წარმატებით განახორციელა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ლაგოდეხში, ბორჯომსა და ყაზბეგში... სოფლის განვითარების 120-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური სერვისები, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. ამ ინიციატივების ფარგლებში დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 ათასზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ENPARD-ის მესამე ფაზით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებსა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებას. ეს ასევე ეხმიანება ჩვენს სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთ სტრუქტურულ ორგანიზმად ყალიბდება. დარწმუნებული ვარ, რომ ENPARD-ის მესამე ფაზით დაფინანსება ისეთივე ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება, როგორც ეს წინა ორი ფაზით გამოყოფილი თანხების ათვისებისას მოხდა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ იანოშ ჰერმანს, რომელიც პირადად არის ჩართული ამ პროგრამების წარმატებით განხორციელებაში და ასევე დიდ მადლობას ვუხდი ევროკავშირს იმ შესაძლებლობების შექმნისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულებები სრულიად ახალ პოტენციალს ქმნის საქართველოს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის და მე დარწმუნებული ვარ, წარმატებული ნაბიჯებით, რომელსაც ვდგამთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ სოფლად ცხოვრების პირობებს, ხოლო კოოპერატივების მეშვეობით შევძლებთ, რომ საქართველოს პირობებში ყველაზე სწორი მოდელი ჩამოვაყალიბოთ ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად“, - განაცხადა პრემიერმა.
ENPARD-ის 4-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი და ამავე პროგრამის მესამე ფაზის დაწყების ღონისძიება თბილისში „ექსპო-ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი