ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
ახალი დადგენილებით: ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.
გრანტის მოპოვების საკითხში:
აბიტურიენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით არ ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარების საფუძველზე აბსოლუტური ქულებით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ აბიტურიენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.
სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.“
ბრძანებას დაემატა სრულიად ახალი მუხლიც:
რანჟირების დოკუმენტის შექმნა
„1. რანჟირების დოკუმენტის შექმნის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, მოთხოვნის საფუძველზე:
ა) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღოს იმ აბიტურიენტის თაობაზე ინფორმაცია, რომელმაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა განაცხადი უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიიღოს ინფორმაცია, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვების თაობაზე;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან − აბიტურიენტის მიერ საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების თაობაზე;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე/ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე.“
edu.aris.ge
ავტორი: ნიუპრესი