"ერთად ვავსებთ დეკლარაციას და შუამდგომლობას ვუწევთ, რომ ქულებმა დაიწიოს"-ნინო თვალთვაძე
ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ ადამიანების მდგომარეობას გაეცნო, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოიღეს, რის შედეგადაც ისინი "მადლიერების სახლის" მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ.
ნინო თვალთვაძე ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახის მდგომარეობას გაეცნო. ტარიელ სვანიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ იმყოფება, თუმცა მონიტორინგის შედეგებით ის საჭიროებს „მადლიერების სახლის“ სერვისებით სარგებლობას. ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები და რამდენიმე ბენეფიციარის სოციალურ მდგომარეობას გაეცვნენ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერია შუამდგომლობას უწევს ასეთ მოქალაქეებს, რათა მათ მადლიერების სახლის სერვისებით სარგებლობა არ შეუწყდეთ. ამ დროისთვის ქუთაისის "მადლიერების სახლის", ბენეფიციართა სიის გადამოწმება მიმდინარეობს. საუბარია 120 ადამიანზე, რომლებმაც ბენეფიციარის სტატუსისთვის შეუსაბამო ქულები მიიღეს.
,,პირადად გავეცანით რამდენიმე ბენეფიციარის მდგომარეობას, რომლებიც სარგებლობენ მადლიერების სახლის სერვისებით, მაგრამ მაღალი მაღალი ქულები ჩამოუვიდათ და გარკვეული პრობლემები შეექმნათ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით. წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა. ჩვენ ადგილზე წამოვიყვანეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ერთად ვავსებთ დეკლარაციას და შუამდგომლობას ვუწევთ, რომ ქულებმა დაიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება მოჰყვება. მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება უფასო კვებით სარგებლობა, ეს სერვისი მივაწოდოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
შეგახსენებთ, მადლიერების სახლის ბენეფიციარების სიიდან 121 ადამიანის ამოღების ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააჟღერა, რის პასუხადაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ იზრუნებდნენ ამ ადამიანების დასახმარებლად.
ავტორი: ნიუპრესი