"ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა"-ილია მეორე
მართლმადიდებლური სამყარო უფლის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.
"ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში.
"ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა. შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი)“, - ბრძანებს პატრიარქი.
მისი თქმით, უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა.
„უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება, ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა, გაცილებით დიდი დანაშაულია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას"-ბრძანა პატრიარქმა.
ავტორი: ნიუპრესი