ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 3 ივლისს დაიწყება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. საგამოცდო პროცესი 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური", - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ცნობისთვის, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
ავტორი: ნიუპრესი